პროკურატურას მოვუწოდეთ, შეესწავლა მიხეილ შაყულაშვილის მონაწილეობა სხვადასხვა დანაშაულებებში - ოთო კახიძე
შიდა ქართლის ახალ გუბერნატორსა და თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს, ოპოზიცია წარსულს ახსენებს. იურისტ ოთო კახიძის ინფორმაციით, მიხეილ შაყულაშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ხორავას საქმეზე საგულდაგულოდ დამალული ამბები გაუმხილა. მაგალითად, მოჰყვა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის მამა, მირზა სუბელიანი, პირადად ესაუბრებოდა მომხდარზე მთავარ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს. არადა შოთაძე მაშინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ რა მოხდა ვერაზე, ამის შესახებ საერთოდ არ იცოდა.
შაყულაშვილმა მისცა ინფორმაცია საგამოძიებო კომისიას იმის შესახებ, რომ სუბელიანი ხვდებოდა პროკურატურის მაღალჩინოსნებს და ის, რომ შოთაძე პირველივე ეტაპიდან საქმის კურში იყო.
მთავარ პროკურატურას მივეცით რეკომენდაცია, რომ შესწავლილი ყოფილიყო ცალკეული თანამდებობის პირების მონაწილეობა სხვადასხვა დანაშაულებებში, მათ შორის ამ ჩამონათვალში არის შაყულაშვილის გვარიც. ანუ ის იყო იმ ვერტიკალში, რომელსაც თანამდებრივად ევალებოდა კონკრეტული რეაგირება იმ დარღვევებზე, რომელიც მრავლად გვხვდებოდა სარალიძის მკვლელობის საქმეში - ამბობს იურისტი ოთო კახიძე, ,,ევროპული საქართველოს" წევრი.