გომელაურმა გადმომცა, რომ თუ არ გავჩუმდებოდი, გამანადგურებდნენ - რას წერს გოგაშვილი ჩვენებაში
გომელაურმა განმიმარტა, რომ ის ყველაფერი, რაც 16 ივლისიდან ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა, ჩემი "ოცნების" წინააღმდეგ აქტივობის შედეგი იყო, - ამის შესახებ სოსო გოგაშვილი საკუთარ ჩვენებაში წერს.
სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს ციხის საშხაპეში შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან სატელეფონო საუბრის შინაარსი დეტალურად მოუყვა.
გოგაშვილის მტკიცებით, ივანიშვილი შს ინისტრის პირით მას ოჯახის ამოწყვეტით და განადგურებით დაემუქრა.
დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური. ჩვენს შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, მან გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ, იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომწყვეტავდნენ. ვ. გომელაურმა განმიმარტა, რომ ის ყველაფერი რაც 16 ივლისიდან ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა, იყო შედეგი ჩემი მედიით და სოც. ქსელებით აქტივობისა ოცნების წინააღმდეგ და ასევე ჩემი ურთიერთობისა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აშშ-ს საელჩოსთან და ევროკავშირის მისიასთან. მან მითხრა, რომ რატო არ მიჩნდება კითხვა, თუ რატო არ შეუვარდნენ და არ ჩაუდეს კვირიკაშვილს და გახარიას. მე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ყველაფერი ჩემი საქციელის გამო გამიკეთეს. საუბარი გაგრძელდა მინიმუმ 30 წუთი, რადგან ტელეფონი გაითიშა და ვ. გომელმაურმა თავიდან გადმნორეკა. საუბრის ბოლოს მან მითხრა, რომ ხვალ კიდევ დამირეკავდა. ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება. დავამთავრეთ საუბარი,- წერს გოგაშვილი ჩვენებაში.