გომელაურმა მითხრა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ომს ვერ მოვიგებდი - გოგაშვილის ჩვენება
სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ ჩვენებაში დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოახერხა შს მინისტრის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება. ამასთან, სოსო გოგაშვილი მოვლენებს თანმიმდევრულად, რიცხვების მიხედვით იხსენებს.
ზუსტ დროს ვერ ვიხსენებთ, თუმცა ეს იყო მანამდე, ვიდრე ჩემს ოჯახის წევრებს შემახვედრებდნენ. ზურა მოდებაძე შემოვიდა ჩემთან საკანში და გამაცნო თავისი მოადგილე, გვარად ხარიტონაშვილი და მითხრა, რომ მისი არყოფნის შემთვევაში, მასთან მექნებოდა საქმე.
შაბათ დღეს, 30 ივლისს, მე საღამოს საათებში არასამუშაო დროს გამომიყვანეს საკნიდან და პირველ სართულზე დამახვედრეს ჩემი მეუღლე და სამი შვილი. მე ვერ გადმოგცემთ ჩემს მონატრებულ ოჯახთან შეხვედრის ემოციას.
მძიმე პირველი წუთების გასვლის შემდეგ მე მათ ყველაფერი მოვუყევი, მათგან მივიღე სრული მხარდაჭერა და შევთანხმდით, რომ გაგვეგრძელებინა ბრძოლა. ჩემი ოჯახი დაახლოებით 20.30 საათზე გავიდნენ ჩემგან. მე ისინი გავაფრთხილე, რომ ცოტა ხნის განმავლობაში არაფერი არ მოემოქმედათ, რადგან მჭირდებოდა დრო მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესაგროვებლად.
მეორე დღეს , კვირას, 1 აგვისტოს მე მიწევდა საშხაპეში შესვლა გეგმიურად, რითაც ვისარგებლე მაგრამ სატელეფონი საუბარი ამ დღეს არ შემდგარა და საშხაპეში მხოლოდ ბადრაგმა გამიყვანა, მე იქ დავყავი მხოლოდ 15 წუთი.
1 აგვისტოს ორშაბათ დღეს მე აღარ მიწევდა საშხაპეში გასვლა, მაგრამ გვიან, 21 საათზე საკანში შემოვიდა მე-12 -ე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გვარად ხარიტონაშვილი, (დერეფანში ბადრაგი არ იდგა) რომელმაც მითხრა, რომ გავყოლოდო საშხაპეში. შევედით ორივე საშხაპეში, მან ხელში მომაწოდა იგივე ტელეფონი სამსუნგის ფირმის , თვითონ დარჩა გასახდელში, ვინაიდან საშხაპეში იყო ძლიერი ორთქლი.
მე ხარიტონაშვილს ვუთხარი რომ გასახდელი ოთახიდან ვისაუბრებდი ტელეფონზე. ხარიტონაშვილმა მითხრა, რომ წინა დღით პატიმარს დარჩენია მოშვებული ცხელი წყლის ონკანი და ამიტომ იყო ასეთი გაუსაძლისი სიცხე და ორთქლი.
ხარიტონაშვილმა უარი მითხრა, რომ მესაუბრა გასახდელში, ვინაიდან დერეფანში გავიდოდა ხმა და არ უნდოდა, სხვა პატიმრებს გაეგოთ.
ტელეფონმა მალე დარეკა, მე შევედი საშხაპეში სასაუბროდ, რა თქმა უნდა, ისევ მესაუბრებოდა ვახტანგ გომელაური. მან მითხრა, თუ რა გადავწყვიტეთ მე და ჩემმა ოჯახმა, მე ვუთხარი, რომ ვესაუბრე ოჯახს და მათგან ველოდებოდი პასუხს, რაზეც მან მითხრა, რომ დაახლოებით ორ დღეში კიდევ შემომიყვანდა მათ ციხეზე და საბოლოო პასუხი ამ კვირაშივე მეთქვა, რადგან პროკურატურის წარმომადგენლები მალე უნდა შემოსულიყვნენ ჩემს დასაკითხად.
საუბარი იყო ხანმოკლე. ტელეფონის გათიშვის შემდეგ მე გავაგრძელე ხმამაღლა საუბრის იმიტაცია, რა დროსაც მე დავაფიქსირე, თუ რა ნომრიდან ირეკებოდა, ასევე რა სიმბარათი (რა ნომერი) იდო ჩემს ხელთ არსებულ ტელეფონში. ასევე გამოვიყენე წებოვანი ფირი ანაბეჭდებისთვის. აღნიშნულის შემდეგ მე გავედი გასახდელ ოთახში და ტელეფონი გადავეცი ხარიტონაშვილს. ვინაიდან მე სველი ვიყავი ორთქლის გამო, მან მითხრა, რომ ამეღო ჩემი ნივთები და მიმეღო შხაპი. მე დავბრუნდი ჩემს საკანში, მაგრამ გავხდი შეუძლოდ ემოციური ფონის და საშხაპეში არსებული ტემპერატურის გამო, რის შემდეგაც ბადრაგს ვთხოვე, ჩავეყვანე სამედიცინო პუნქტში მეორე სართულზე, სადაც დამიფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა. სამედიცინო პუნქტში ვიმყოფებოდი 21.40 საათზე, - წერს გოგაშვილი ჩვენებაში.
გოგაშვილი ვახტანგ გომელაურთან ბოლო საუბარსაც იხსენებს, სადაც შს მინისტრმა მას უთხრა, რომ დაუმორჩილებლობით დიდი შეცდომას უშვებდა, რადგან ივანიშილთან ომი წინდაწინ წაგებული ჰქონდა.
3 აგვისტოს დაპირებისამებრ ჩემთან შემოუშვეს ჩემი მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი და ჩემი შვილი, ნინო გოგაშვილი. მე ისინი გავაფრთხილე ყველა მოსალოდნელ საფრთხეზე. ვუთხარი, რომ ყველა მტიცებულება შეგროვებული მქონდა და რომ ვაგრძელებდით ბრძოლას.
4 აგვისტოს მე გეგმიურად ბადრაგმა გამიყვანა საშხაპეში, რითაც ვისარგებლე, ხოლო პარასკევს 5 აგვისტოს 17 საათზე ხარიტონაშვილმა ბადრაგის გარეშე შემიყვანა ასევე საშხაპეში . რა დროსაც ჩემთან მეოთხედ ისევ განხორციელდა ზარი, რა დროსაც ვ. გომელაურმა მკითხა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ჩვენ მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს არ მივიღებდით, მოვთხოვე, რომ მე ცნობილი უნდა ვყოფილიყავი დაზარალებულად და უნდა დაესაჯათ ყველა ის პირი, ვინც 16 ივლისს ჩემს სახლში ჩადო იარაღები , ე.წ ფლეშკები, მყარი დისკები ლეპტოპი და სხვა მატერიალური დოკუმენტაცია.
ვ გომელაურმა მიპასუხა, რომ მე ვუშვებდი ძალიან დიდ შეცდომას და ამის შედეგებს ძალიან მალე დავინახავდი, მითხრა, რომ მე ვიცოდი, როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი, - აღნიშნა გოგაშვილმა.