ამ ომს დიდი კლანის წინააღმდეგ გოგაშვილების ოჯახი მოიგებს - ნინო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილის ოჯახს საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების იმედი არ აქვს და ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს. სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინო გოგაშვილი, მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან და გომელაურთან ერთად პროცესში მონაწილე სხვა პირებიც უნდა გამოკითხონ.
ციხეში პატიმარს ურეკავს შს მინისტრი და ემუქრება, რომ გაჩუმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაუმატებენ პრობლემებს, ანუ ბუნებრივია, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ განაჩენი იქნება სამართლიანი, მაგრამ ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ ამ ქვეყანაში, ყველა გზას მივმართავთ, რომ ჩვენი რესურსით ამოვწუროთ ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე სტრასბურგში გავაგრძელოთ ბრძოლა ამ დიდი კლანის წინააღმდეგ.
განა მარტო ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური, ვფიქრობ, რომ ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც აქვს ამ პროცესში მონაწილეობა მიღებული, ეს იქნება გრიგოლ ლილუაშვილი, გიორგი ღამბაშიძე... დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ომს გოგაშვილების ოჯახი მოიგებს. ამ ქვეყანაში არა, მაგრამ საბოლოო ეტაპი ეს იქნება, - ამბობს ნინო გოგაშვილი.