გვაქვს სრული სამართლებრივი საფუძველი, სენაკში შუალედური არჩევნები დავნიშნოთ - ცესკო

15.08.22 19:33
გვაქვს სრული სამართლებრივი საფუძველი, სენაკში შუალედური არჩევნები დავნიშნოთ - ცესკო

გვაქვს  სრული სამართლებრივი საფუძველი, დავნიშნოთ სენაკში შუალედური არჩევნები - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს. 

ცესკო-ს ინფორმაციით, სენაკის საკრებულოს წევრს, ვახტანგ წურწუმიას, 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, რაც საარჩევნო კომისიას აძლევს სრულ სამართლებრივ საფუძველს, კანონით დადგენილ ვადაში დანიშნოს არჩევნები.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცესკო-ს შესაბამისი წერილით  პირველ ივნისს მომართა და მასში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის წევრს ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. შესაბამისად, ცესკო-ს გააჩნდა სრული სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება, კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნა თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

აქვე გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ხდება ამ განცხადების წარდგენიდან მომდევნო დღეს და საკრებულოს მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების ფაქტი, ასევე ის გარემოება, თუ როდის მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღება, არ ცვლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტულ დღეს.

ასევე, შუალედური არჩევნების დანიშვნისთვის საკრებულოს სხდომაზე ფაქტის ცნობად მიღება/არ მიღება არ წარმოადგენს ცესკო-სთვის სავალდებულო იურიდიულ გარემოებას.

შესაბამისად, შუალედური არჩევნების ოქტომბერში დანიშვნის ერთადერთი ლეგიტიმური გარემოება არის ის ფაქტი, რომ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 ივნისამდე, რაც სახეზეა და დასტურდება საკრებულოს მიერ ცესკოსთვის წარმოდგენილი დოკუმენტებით - აღნიშნულია განცხადებაში.

სენაკის საკრებულოს დეპუტატმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან", ვახტანგ წურწუმიამ, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეიწყვიტა. ოპოზიციის მტკიცებით, ეს ყველაფერი ხელსიუფლებისა და კრიმინალების ერთობლივი ზეწოლის შედეგად მოხდა.

სენაკში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სასამართლოს მიმართეს, გააუქმოს ცესკოს ეს გადაწყვეტილება. 

 

 

მსგავსი სიახლეები