"რა ვიცით, რომ ეს ის ხორბალი არ არის, რომელიც რუსებმა უკრაინაში მოიპარეს?" - რუსული გემი ბათუმში ჩამოდგა
ხორბლით დატვირთული რუსული გემი ბათუმის პორტში ჩამოდგა. ხომალდი როსტოვის ოლქის ტაგანროგის პორტშია რეგისტრირებული და რუსული დროშით დაცურავს.
„პირველების“ ინფორმაციით, რუსული გემით საქართველოში 2 900 ტონა ხორბალი შემოვიდა. კითხვებს ტვირთის წარმომავლობა აჩენს, პასუხის გამცემი კი არავინაა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის რუსული პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში ატარებს.
ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე ეჭვობს, რომ ეს ხორბალი შესაძლოა სწორედ ის ხორბალი იყოს, რომელიც რუსებმა უკრაინაში მოიპარეს.
„ხო ყველას კარგად გვახსოვს, რომ უკრაინაში რუსებმა მოიპარეს ხორბალი, ხო ყველას კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილისა და იმ ცნობილი რუსი ოლიგარქის საუბარი. რატო უნდა გვჯეროდეს, რომ ეს ხორბალი, რომელიც ახლა რუსეთის დროში ქვეშ მცურავმა გემმა შემოიტანა საქართველოში არ არის სწორედ ის ხორბალი, რომელიც უკრაინაში მოიპარეს რუსებმა? ამაზე ვიღაც უნდა გამოვიდეს და გვიპასუხოს. ასეთი უპასუხისმგებლობა ჩვენ ძალიან ცუდ ადგილზე მიგვიყვანს“. - ამბობს კირთაძე.
ცნობისთვის, სწორედ ხორბლის რუსეთიდან საქართველოში შემოტანის შესახებ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილისა და ცნობილი რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის იმ სატელეფონო საუბარში, სადაც პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქები გეგმებს ალაგებდნენ, თუ როგორ უნდა გამხდარიყო საქართველო ხორბლის გასაღების არეალი.