სააკაშვილი ამერიკელი ექსპერტების მოლოდინში - სამინისტრომ სპეციალისტებს დამატებითი საბუთები მოსთხოვა
მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი ექსპერტების მოლოდინშია. ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი სპეციალისტების შესახებ დამატებითი საბუთები მოითხოვა.
რეგულირების სააგენტოს აინტერესებს, სად მუშაობდნენ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ის ექიმები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზას აპირებენ.
ცენტრი "ემპათია" და მისი ხელმძღვანელი პროცესების გაჭიანურებაზე და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
„ვთვლით, რეგულირების სააგენტო გაზრახ აჭიანურებს პროცესს. ანუ, ითხოვენ, კომუნისტური, საბჭოთა კავშირის მეთოდით ცნობის წარმოდგენს სამუშაო ადგილიდან. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გახანგრძლივდეს ექსპერტების ჩამოყვანის პროცესი“. - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
სააკაშვილის დედა ამ ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ საბუთები ჯანდაცვის სამინისტრომდე სულ ცოტა ხანია რაც მივიდა.
„არც ისე დიდი ხანია, რაც ჯანდაცვამდე მივიდა ეს საბუთები. თანაც ისეთი დროა, რომ თანამშრომლები ისვენებენ. ამიტომაც არ მაქვს იმის შეგრძნება რომ ხელოვნურად ჭიანურდება პროცესი“. - ამბობს გიული ალასანია.
რაც შეეხება დაპატიმრებული პრეზიდენტის უფლებადამცველს, შალვა ხაჭაპურიძეს ჯანდაცვის სამინისტროსთან პრეტენზიები არ აქვს, რადგან მისი თქმით, უწყება კანონის ფარგლებში და ყველაზე ოპერატიულად იქცევა.