შეიჭრა თუ არა სპეცრაზმი მაჩალიკაშვილის სახლში გომელაურის ბრძანებით? - გოგაშვილი ალაპარაკდა

17.08.22 12:26
შეიჭრა თუ არა სპეცრაზმი მაჩალიკაშვილის სახლში გომელაურის ბრძანებით? - გოგაშვილი ალაპარაკდა

შეიჭრა თუ არა შავნაბადას სპეც-დანიშნულების რაზმი მაჩალიკაშვილის სახლში ვახტანგ გომელაურის ბრძანებით? - სოსო გოგაშვილი თემირრლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ალაპარაკდა. 

რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ ახალ წერილში სუ-სის ყოფილი მაღალჩინოსანი ხელს ვახტანგ გომელაურს ადებს.

წერილით ირკვევა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ გომელაური იყო ის ადამიანი, ვინც შვილმკვდარ მშობლებთან აგენტს აგზავნიდა და ოჯახს  გოგაშვილის წინააღმდეგ ამხედრებდა.

"ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. შენ აღარ ხარ "ლიჩნიკი", შენ ხარ შს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის პოლიტსაბჭოს წევრი.

ვიცი, რომ წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე, არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს.

სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად მინდა გავიხსენო მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში.

სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ. ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე შევკრიბე ყველა მტკიცებულება და ამ ბინძური ადამიანის წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. ეს მასალები ახლა შენს უწყებაში დევს და შენ მას ცივ ნიავს არ აკარებ.

ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ. ამას მე შენთვის და შენი ოჯახისთვისაც ვაკეთებ, რადგან მალე, როცა ეს მთავრობა აღარ იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისაგან, დადგება დრო, აგო პასუხი შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაშინ კი აღარ შემოგივარდებიან შენც შუაღამისას სახლში, არ ჩაგიდებენ იარაღს და ათას სიბინძურეს და შენს შვილ ლუკაჩოსთან ერთად კი არ გათრევენ მიწაზე, არ გირტყავენ და პირში ლულებს არ ჩაგთხრიან შენ და შენს შვილს, არამედ თავისუფალ უწყებაში დაგიბარებენ, სუფთად ჩაცმულს, წაგიყენებენ ბრალს და მოგაბრძანებენ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვინტილაცია უკვე გაკეთებული იქნება და დიდხანს ისუნთქებ გრილ და სუფთა ჰაერს.

პ.ს ეს წერილი არ ითვალისწინებს შეგონებას, რამეთუ ვიცი, რომ "იმის" ბრძანების გარეშე, არაფერს არ იზამ. ეს უბრალოდ ტელეფონში რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ახლა გწერ. დროებით "ღირსეულო გენერალო".- წერს გოგაშვილი.

მსგავსი სიახლეები