სამართლიანი და ლოგიკური იქნება, თუ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში დაუწესდებათ სავიზო რეჟიმი - მესამე სექტორი
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთიდან მასობრივი მიგრაციიის შესაჩერებლად სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ. მიზეზი უსაფრთხოების რისკები და სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებაა.
ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო"-ს იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილს, მიაჩნია, რომ იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კრემლმა სავიზო რეჟიმი დაუწესა, აუცილებელი და ლოგიკურიცაა, ანალოგიური ბარიერი საქართველოში ჩამოსულ რუს ვიზიტორებსაც შეექმნათ.
ის ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და აწარმოებს დაპყრობით ომებს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა სარგებლობდნენ უვიზო რეჟიმით, მით უმეტეს, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულია სავიზო რეჟიმი.
აქედან გამომდინარე, სამართლიანი, ლოგიკური და სწორი იქნება, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებსაც დაუწესდეს ისეთივე სავიზო რეჟიმი, როგორც საქართველოს მოქალაქეებს - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.
თუ ოკუპანტი სახელმწიფოსთვის დამატებითი ბარიერები დაწესდება, რუსეთის ათასობით მოქალაქე და ბიზნესმენი ვეღარ შეძლებს, გვერდი აუაროს დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
უკრაინასთან ომის დაწყების გამო ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს იზოლაციაში აქცევს. ხვალიდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს უხურავს, წყვეტს სასწავლო, სამუშაო და ბიზნეს ვიზების გაცემას.