ბათუმში მშენებლობები კანონმდებლობის დაუცველად მიმდინარეობს, ეს გამოსასწორებელია - გიორგი ბურჯანაძე
თორნიკე რიჟვაძის თავდასხმის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რატომ არის მიზანშეწონილი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის, განმარტებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი დაკმაყოფილა, ეს გამოიწვევს იმას, რომ სამშენებლო კომპანიები შენობა - ნაგებობებს ვეღარ ააშენებენ უკონტროლოდ, დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, მათ შორის სახანძრო და ევაკუაციის წესებსაც.
2022 წლის ივნისში, საგაზაფხულო სესიის ბოლოს დაჩქარებული წესით მიღებულ იქნა ცვლილებები სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურული, სამშენებლო საქმიანობის კოდექსში, რომლითაც დადგინდა გამონაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმში შესაძლებელია, განხორციელდეს მშენებლობები იმ სტანდარტების დაუცველად, რომელიც კანონმდებლობაშია გაწერილი.
ჩვენი აზრით, ამ ტიპის რეგულაცია არღვევს გონივრულ და სამართლიან ბალანსს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია. - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ომბუდსმენის ამ პოზიციას სრულად იზიარებენ აჭარის არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები.