არ მითქვამს, რომ ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს - გოგაშვილი
სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.
სუს-ის ყოფილი შეფი მის ბოლო წერილთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მას არ უთქვამს, რომ პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა.
გოგაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი „ოცნების“ კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანაა.
სამართლიანობა მოითხოვს გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება.
ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი.
წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ.
არც ადრე და მითუმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია.
ვერანაირ მდგომარეობაში ყოფნა, ვერც ვერავის მოწოდება ვერ მაიძულებს ვისაუბრო ტყუილი და ცილი დავწამო ვინმეს, ვინცარუნდა იყოს იგი. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და არაფერს სიმართლის გარდა.
რაც შეეხება ჩანაწერს, იქ ისმის სამი ადამიანის ხმა - მედიკოსი, ვახასი და ბინძური აგენტის.აგენტი ახორციელებს ბინძურ, მიზანმიმართულ მუშაობას ჩემს წინააღმდეგ. ჩანაწერი თავის დროზე გამოქვეყნდება და ყველა კითხვას მოხსნის. ახლა ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი და ვინმეს დასახელება მე გადამიყვანს სხვა ველზე და მთავარ სამიზნეს ჩამომაშორებს.
ჩემი მთავარი მიზანი არის ოცნების კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და ასევე, მათი რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანა, რასაც დიდი ხანია ვახორციელებ ეტაპობრივად და მივიყვან ბოლომდე". - წერია წერილში.