კოკა კაციტაძეს რემონტის გაკეთება უნდა - საგამოძიებო სამსახური შესყიდვების სააგენტოს 600 ათას ლარს სთხოვს
კოკა კაციტაძეს რემონტის გაკეთება უნდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შესყიდვების სააგენტოს ექვსასი ათას ლარს სთხოვს.
უწყებამ შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს საგანგებო წერილით მიმართა, ამ წერილში კი ერთი უცნაური დეტალია - კოკა კაციტაძის უწყება წერს, რომ თუ ფულს რემონტისთვის სასწრაფოდ არ მისცემენ ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციებში შესრულებას საფრთხე შეექმნება.
ოპოზიციის წარმომადგენლები და კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებში მსგავსი არაფერი წერია.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ბესიკ დონაძის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციებში წერია ის, რომ საგამოძიებო სამსახური იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და საქმეებს ობიექტურად იძიებდეს.
„მსგავსი არაფერი წერია ევროკავშირის რეკომენდაციებში. იქ წერია, რომ ოლიგაქრია უნდა მოშორდეს და არ უნდა იმართებოდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ბიძნა ივანიშვილის მითითებებით და არა შენობა-ნაგებობების გადაცემა და მისი რემონტი“. - ამბობს ბესიკ დონაძე.
რატომ ჩაწერა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფულის მოთხოვნის წერილში ტყუილი - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. მათი ნაწილი კი ამბობს იმას, რომ საგამოძებო სამსახურის საჭირო რესურსებით აღჭურვა ნამდვილად არის მოთხოვნილი ევროკავშირის რეკომენდაციებში. ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი რეკომენდაციებში არაფერი წერია.
„ნუ აკნინებთ და ნუ აქილიკებთ, გეუბნებით. რემონტზე არ არის საუბარი. მანამდე იცით, რომ ნაქირავები ჰქონდა შენობა, მაგალითად ინსპექტორის სამსახურს? ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ ასეთი რაღაცები“. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კოკა კაციტაძის მოთხოვნა 600 ათას ლარს გამოყოფასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, თუმცა როგორ აპირებს კოკა კაციტაძის უწყება ამ თანხის დახარჯვას, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ არ იგეგმება ტენდერის გამოცხადება და 600 ათასი ლარი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დაიხარჯება.