სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება - ადვოკატები შუამდგომლობაზე მუშაობას ასრულებენ

22.08.22 11:21
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება - ადვოკატები შუამდგომლობაზე მუშაობას ასრულებენ

ადვოკატები მიხეილ საააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს ერთ კვირაში მიმართავენ. საკითხზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოს  მაქსიმუმ 20 დღეში მოუწევს. პრეზიდენტის ინტერესების დამცველები  შუამდგომლობაზე მუშაობას ასრულებენ. დოკუმენტს თან  სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც დაერთვება.

პროცედურულად სასამართლო ვალდებულია სხდომა დაუყოვნებლივ ჩანიშნოს, რადგან საქმე პატიმრის ჯანმრთელობას ეხება. სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე საქართველოში იქნებიან უცხოელი ექსპერტებიც.  

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე სასამართლოს  მეგობრის სტატუსით ევროპარლამენტარები და საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავენ.

ადვოკატები, ფაქტობრივად, შევუდექით უკვე შუამდგომლობის წერას და ეს არ იქნება მარტივი შუამდგომლობა, სულ სხვა სტანდარტით იწერება. აქ ჩართული იქნება სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული და საერთაშორისო სამართლის საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა, რომელიც არსებობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქმეში ჩართული იქნებიან ასევე სასამართლოს მეგობრები, გვარებს ჯერ ვერ გავაჟღერებ. ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი იქნეს აუცილებლად, იქნება ერთი ევროპელი სტრასბურგის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს მეგობარი, იქნება ორი ქართელი სასამართლოს მეგობარი. პროცესები შეუძლიათ ჩანიშნონ, ფაქტობრივად, ყოველდღიუტად, იმიტომ, რომ ეს არ არის ვრცელი პროცესი. უბრალოდ, ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან ბევრი მოწმე, ალბათ სასჯელაღსრულებასაც ეყოლება მოწმეები, წესით "ვივა მედის" სამედიცინო პერსონალი. ჩვენ რამდენიმე ექიმს მოვიწვევთ სასამართლო პროცესზე მოწმეებად, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ავადმყოფობის ისტორიებს და ყოველ წამალს ვაკონტროლებთ, რა წამალია, როგორ არის, - ამბობს ადვოკატი. 

ასევე, მიხეილ სააკაშილის პროცესზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას მაღალი რანგის სტუმრებიც გეგმავენ. მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი კი მსოფლიოს მასშტაბით გავლენიანი ადამიანების წერილებს ამზადებს, რომლებიც სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები