"საელჩოს ისტერიული სურვილია, "ოცნება" ყოვლად დეგრადირებული "ნაციონალური მოძრაობით" ჩაანაცვლოს - ოლიგარქის დეპუტატები
ოლიგარქის დეპუტატები იწმუნებიან, რომ აშშ-ის საელჩოს "ისტერიული სურვილია", ქართული ოცნება "ნაციონალური მოძრაობით" ჩაანაცვლოს.
მეტიც ახალ ეპისტოლეში სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის კვარტეტი ამტკიცებს, რომ "სამართლიანი არჩევნების გამოქომაგებით, ამერიკის საელჩო ქართულ ოცნებას პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, ნაციონალური მოძრაობა მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ქართული ოცნება და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ".
როდესაც ამის შემდეგ საელჩო ისფედს ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა ისფედი, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა.
საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს მოვუწოდეთ, გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციისა და შესაბამისი ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. მიზეზი მარტივია – ამ მოთხოვნის ავტორი რეალურად საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალშიც გეგმავს.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, ნაციონალური მოძრაობა კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში ქართული ოცნება ყოვლად დეგრადირებული ნაციონალური მოძრაობით ჩაანაცვლოს"- წერენ ფორმალურად წასულები.
განცხადება სრულად ნახეთ აქ