საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ისევ გადაიდება - ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე განხილვა დაინიშნა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი პროცესს ვერ დაესწრება. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
დიდი ალბათობით “ვივამედმა” მოსამართლეს უკვე გაუგზავნა სამედიცინო დოკუმენტი, სადაც წერია, რატომ ვერ გადაიყვანენ კლინიკიდან სასამართლოში პაციენტ პატიმარს.
დაპატიმრებული პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომა დიდი ალბათობით ისევ გადაიდება.
„მიხეილ სააკაშვილს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, არ მისცემს საშუალებას, რომ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა და შესაბამისად სხდომა დიდი ალბათობით გადაიდება, იმ დროისთვის, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ დონემდე, რომ ის შეძლებს პროცესში ადეკვატური მონაწილეობის მიღებას“. - ამბობს შოთა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე დასკვნით ეტაპზეა და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაა დარჩენილი.
ამის პარალელურად დაპატიმრებული პრეზიდენტის ოჯახი და ადვოკატები უცხოელი ექსპერტების მოლოდინშია.
ადვოკატების თქმით, დასკვნის შემდეგ ისინი სასამართლოს მიმართვენ შუამდგომლობით და მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ .