ივანიშვილის ყველა შემსრულებელი ეწერება ჩვენი ქვეყნის სირცხვილის ისტორიაში - ხოშტარია
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანტიამერიკული კამპანიის მთავარი ავტორი ბიძინა ივანიშვილია, რომლის თანხმობის გარეშე "ოცნება" პარტნიორებზე თავდასხმას ვერ გაბედავდა.
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერების გამოყენებით, ანტიევროპულ კამპანიას საკუთარი ფულის გადასარჩენად აწარმოებს, თუმცა "ივანიშვილის ყველა შემსრულებელი ასევე ეწერება ჩვენი ქვეყნის სირცხვილის ისტორიაში".
"თავი ამ ანტიდასავლური კამპანიის, თავდასხმების, როგორც ელჩებზე, ასევე სახელმწიფოებზე, უკრაინაზე, შევიცარიაზე თუ საერთაშორისო დასავლურ ინსტიტუტებზე, ამ ყველაფრის თავი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პირადი ფინანსური და უსაფრთხოების ინტერესი. პასუხისმგებელი ამ ყველაფრისა უნდა გვესმოდეს, რომ არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ყველა შემსრულებელი ასევე ეწერება ჩვენი ქვეყნის სირცხვილის ისტორიაში". - ამბობს ელენე ხოშტარია.