შეუძლებელია, ერთდროულად ამდენი კამერა განადგურდეს, პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება - გოგაშვილის შვილი
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სოსო გოგაშვილის ოჯახი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ციხის საშხაპეში განხორციელებული მუქარის ფაქტი აღიარა.
ნინი გოგაშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტზე "სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ ოცნებას".
გოგაშვილის თქმით, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩანაწერები გავრცელდა, მისი გადაადგილება ყველა კუთხიდან იყო ნაჩვენები, ახლა კი ხელისუფლების მტკიცება, რომ კამერები წყობიდან იყო გამოსული სრული აბსურდია.
ისინი გამიზნულად აქრობენ ციხის კამერების ჩანაწერებს. რეალურად, ამ დაწესებულებაში უამრავი კამერაა დამონტაჟებული. ეს მე ჩემი ვიზიტის დროსაც კარგად შევამჩნიე. შეუძლებელია, ერთდროულად ამდენი კამერა განადგურდეს. ისინი გამიზნულად აკეთებენ ამას, უნდათ საზოგადოებამ ვერ გაიგოს, როგორ გაიყვანეს სოსო გოგაშვილი საშხაპეში და როგორ ემუქრებოდა მას ვახტანგ გომელაური"- თქვა გოგაშვილმა.
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის კიდევ ერთი შვილი აცხადებს, რომ პატიმარი გოგაშვილი საფრთხეშია:
ხვალ რომ მამაჩემზე ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდეს და გვითხრან, რომ კამერები არ მუშაობს, რით დავამტკიცებთ, რომ მამაჩემს არაფერი დაუშავდა? - აცხადებს ის.
გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სააბაზანო ოთახში, შს მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.
ომბუდსმენს გუშინ პენიტენციურიდან აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.