რატი ბრეგაძეს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, სად გაქრა ოთხი დღის ჩანაწერები
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება სად გაქრა ოთხი დღის ჩანაწერები.
ოპოზიციას არ სჯერა, რომ რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში, სადაც სოსო გოგაშვილია მოთავსებული, კამერები გათიშული იყო.
ოლიგარქის და მისი გუნდის მამხილებელი ჩანაწერები ოპოზიციის ვერსიით წაშლილია. "ქართული ოცნება სამართლებრივი ჩარჩოებიდანაა გასული" - ეუბნებიან "პირველებს" მმართველი პარტიის კრიტიკოსები.
ეს არის პირდაპირ , სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული - როცა მტკიცებულებების განადგურება ხდება. მოდით დავსვათ ასეთი კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყველა მილიმეტრი კონტროლდება, იქ არ მუშაობდეს კამერები და არ ინახებოდეს ჩანაწერი. მტკიცებულებების მოპოვებაზე როცა მიდგება საკითხი, თურმა წყობიდანაა გამოსული. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, ეს "ქართული ოცნების" საფირმო ხელწერაა. მოვა დრო და ამაზე ყველა აგებს პასუხს"- განაცხადა "ტვ პირველთან" ლელოს წევრმა, ლევან სამუშიამ.
გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სააბაზანო ოთახში, შს მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.
ომბუდსმენს გუშინ პენიტენციურიდან აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.