"ირიბი აღიარებაა, რომ ბრალდებები რეალობასთან ახლოსაა"- ბესელია ციხის წაშლილ ჩანაწერებზე

24.08.22 17:35
"ირიბი აღიარებაა, რომ ბრალდებები რეალობასთან ახლოსაა"- ბესელია ციხის წაშლილ ჩანაწერებზე

ციხის წაშლილი ჩანაწერები -  ოპოზიციას არ სჯერა, რომ  რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც სოსო გოგაშვილია მოთავსებული,   28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით კამერები გათიშული იყო. 

ეკა ბესელიას განცხადებით, პენიტენციურის პასუხი ირიბი დადასტურებაა, იმისა, რასაც გოგაშვილის ადვოკატები ამბობენ:  

იმისთვის, რომ ყველა ეჭვი გამორიცხული ყოფილიყო, ხელსუფლებას დამაჯერებელი პოზიცია ჰქონოდა, მათ თავად უნდა გამოეჩინათ ინიციატივა და ეს ჩანაწერები უნდა ეჩვენებინათ, რომლითაც დაადასტურებდნენ, რომ ეს ბრალდებები რაც ახლა ისმის, ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, არის ცრუ. 

შეუძლებელია, ისეთი დაცული სისტემა, როგორიც არის საპყრობილე და საპატიმრო დაწესებულება, მითუმეტეს, როცა საუბარია ასეთ პატიმარზე, რომ იქ არ არსებობს ვიდეოკამერები. 

ამით ირიბი აღიარება ხდება, რომ ბრალდებები რეალობასთან ახლოსაა"- აცხადებს "ტვ პირველთან" ეკა ბესელია. 

გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სააბაზანო ოთახში, შს მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.

ომბუდსმენს გუშინ პენიტენციურიდან აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.

 

მსგავსი სიახლეები