მსვლელობა უკრაინის მხარდასაჭერად - აქცია პარლამენტთან

24.08.22 20:09
მსვლელობა უკრაინის მხარდასაჭერად - აქცია პარლამენტთან

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ომში მყოფ ქვეყანას საქართველოდანაც მიულოცავენ. ოღონდ არა "ტვიტერზე" ან "ფესბუქზე". ამ წუთებში ხალხი პარლამენტის შენობასთან იკრიბება. მსვლელობა "რესპუბლიკის მოედნიდან" დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდა.

დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ და ხმამაღლა გამოუცხადებს მეგობარ უკრაინას თავის სოლიდარობას და მხარდაჭერას. აქციის ორგანიზატორები უკრაინელები არიან, თუმცა  დღეს რუსთაველზე საზოგადოებასთან ერთად პროდასავლური ოპოზიცია და მესამე სექტორი სრული სპექტრით არიან წარმოდგენილი. 

ადგილზე ისმოდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები. გამომსვლელებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. 

უკრაინელი ხალხი, მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აგრესორთან თავგანწირული ბრძოლით ხვდება - ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია უკრაინელი ხალხის ირგვლივ, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მიმდინარე აქციაზე. 

რუსთაველის გამზირზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე იმყოფება ხატია დეკანოიძეც. ენმ-ს ლიდერის თქმით, საქართველო უმძიმეს ჩიხში შევიდა.

სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკას ვხედავთ, არამედ, საქართველო უმძიმეს ჩიხში შევიდა, როდესაც უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების პოზიცია იყო და არის სამარცხვინო, როდესაც საქართველომ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შანსი ხელიდან გაუშვა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ასოცირებული ტრიო დაშალა და როდესაც საქართველო უკრაინისთვის შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე უსაფრთხოების ქამრის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საიმედო სტრატეგიული პარტნიორი არ არის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები