მიხეილ სააკაშვილის საქმე - გაეროს ექსპერტი საქართველოში 29 აგვისტოს ჩამოდის
მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზისთვის გაეროს ექსპერტი საქართველოში ჩამოდის.
29 აგვისტოს ამერიკელი ექიმი პირდაპირ „ვივა მედთან“ მივა და ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კლინიკასთან დაელოდება.
ეს, ის ექიმია, რომელიც რამდენიმე კვირაა ჯანდაცვის სამინისტროსგან ლიცენზიას ელოდება, მაგრამ ღარიბაშვილის ხელისუფლება დოკუმენტის გაცემას მიზანმიმართულად აჭიანურებს.
გაეროს ექსპერტის საქართველოში ჩამოსვლის ინფორმაცია უკვე ოფიციალურად მიიღო აზარაშვილის უწყებამ.
მარიამ ჯიშკარიანმა სამინისტროს დოკუმენტები უკვე ჩააბარა.
"ემპათიის" დირექტორი ფიქრობს, რომ რეგულირების სააგენტოს ლიცენზიის გაცემას მიზანმიმართულად აჭიანურებს.
„ყველა დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი, შესაბამისად, მოვითხოვთ, რეგულირების სააგენტოსგან, ნუ აყოვნებს ცენტრი „ემპათიის“ გადაწყვეტილებას და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება 5 უცხოელი ექსპერტის ლიზენზიების აღიარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ექსპერტი, რომელიც მოწვეულია „გაეროდან“, გახლავთ „გაეროს“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, იქნება ორშაბათს ადგილზე და მას თუ რაიმე შეფერხება შეექმნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენოს არადროული მოქმედებებით, ეს იქნება ექსპერტიზაში სერიოზული ხელის შეშლა". - ამბობს ჯიშკარიანი.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროცესი კანონით დადგენილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს და უახლოეს სხდომაზე, რომელიც, ჯიშკარიანის თქმით, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, იმ ექსპერტებისთვის ლიცენზიის გაცემის საკითხი განიხილება, რომელთა შესახებაც სრული დოკუმენტაცია მარიამ ჯიშკარიანმა წარუდგინა სააგენტოს.