რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა 551-მა რუსმა მიიღო - IDFI-ის კვლევა
IDFI-ის ინფორმაციით, 2022 წლის 7 თვეში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა, მათ შორის 551-მა მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა 8 უკრაინელმა მიიღო.
კვლევის თანახმად, 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) მიენიჭა რუსეთის 1,342 მოქალაქეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 713 შემთხვევით აღემატება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 123 შემთხვევით.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში 98 მოქალაქეზე გაიცა. მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ თვეებში აღნიშნული მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, 2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისის თვეში 136-მა მოქალაქემ მიიღო.
ირკვევა, რომ 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობა სულ 8,464-მა პირმა მიიღო (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა), მათი 72% კი (6,075 პირი), რუსეთის მოქალაქე იყო. რუსეთის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის ყველაზე მეტნი იყვნენ უკრაინელები (428 პირი), ასევე სომხეთის მოქალაქეები (404 პირი) და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები (330 პირი).
კვლევის თანახმად, 2018-2022 წლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ 13,644 პირის მიმართ დადებითი, ხოლო 7,360 პირის მიმართ უარყოფითი დასკვნა. ამავე პერიოდში პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13,575 პირს, საიდანაც 5,111 პირს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 8,382 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობა 38-მა პირმა მიიღო, გამარტივებული წესით – 29 პირმა, ხოლო სპეციალური წესით – 15-მა პირმა.
„2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ჭარბობს. 2019 წელს საქართველოს მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარდა) 1 219 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 629-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 1 342-მდე გაიზარდა. 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად რუსეთის მოქალაქეებს ენიჭებათ. რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით,“ - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.