არაადეკვატურია, თურმე ამერიკის აგენტი დაუნიშნავთ პრემიერად - გახარიას გუნდი ღარიბაშვილს პასუხობს

02.09.22 12:11
არაადეკვატურია, თურმე ამერიკის აგენტი დაუნიშნავთ პრემიერად - გახარიას გუნდი ღარიბაშვილს პასუხობს

პრემიერის მხრიდან ამერიკის აგენტებად გამოცხადებული ყოფილი მაღალჩინოსნები - პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური არაადეკვატურს უწოდებს მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ბუჩუკურის თქმით, გამოდის, „ოცნება“ ამბობს, რომ თავის დროზე, ამერიკის აგენტები დაუნიშნავს ქვეყნის პირველ პირებად.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თურმე გახარია 2017 წლიდან ყოფილა ამერიკის აგენტი. ანუ, აგენტი დაუნიშნავთ ჯერ ეკონომიკის მინისტრად, მერე შინაგან საქმეთა მინისტრად, ვიცე-პრემიერად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად და შემდგომ პრემიერად. რეალურად, ეს არის უბრალოდ არაადეკვატურობა და მეტი არაფერი. ანტიამერიკული იქნება თუ ანტიევროპული პროპაგანდის ნაწილიც არის ეს ყველაფერი და საბოლო ჯამში ქვეყანას აზიანებს“. - ამბობს ანა ბუჩუკური.

გიორგი გახარია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, გიორგი მარგველაშვილი - ოთხი ლიდერი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში პრემიერი, პარლამენტის თავმჯოდმარე ან პრეზიდენტი იყო, „ოცნების“ სატელიტებმა ამერიკის აგენტებად გამოაცხადეს.

მათი მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა ისინი წლების წინ გადაიბირა. ამერიკის აგენტად შერაცხეს თითქმის ოპოზციის ყველა ლიდერი, არასამთავრობოები და სახალხო დამცველიც კი.
 

მსგავსი სიახლეები