არავის ეგონოს, მხოლოდ ოთხნი ვართ, კი არ ვასრულებთ, ახლა ვიწყებთ მოღვაწეობას - დიმიტრი ხუნდაძე
არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ... მინდა, იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ახლა იწყებს - ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა.
ხუნდაძის კრიტიკის ობიექტი ამერიკის ელჩის შემდეგ ამჯერად საქართველოს პრეზიდენტი გახდა. საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალა"-ს ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილს ახსენებს, თუ ვინ მიიყვანა ის მაღალ თანამდებობაზე.
პრეზიდენტზე რა გითხრათ, რომელმაც ვიღაც ოთხეულად მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა, შევახსენო, რომ "ამ ვიღაცების" წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი არც მეტი და არც ნაკლები, ნულია.
ჩვენმა ქმედებებმა და საზოგადოების მხარდაჭერამ უკვე არაერთგზის გამოიღო შედეგი და პოზიტიური ეფექტი მომავალშიც იქნება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და არც დიდხანს დარჩება დაფარული ბევრი რამ.
არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ჩვენი მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. მინდა, იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პოლიტიკური ცეცხლი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დღეს ოთხეულის სხვა წევრებმაც გახსნეს.