კულტურის სამინისტრო გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.
სამინისტრო განმარტავს, რომ ძველი სპორტის სასახლე არ არის კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს.
"საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია.
შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.
რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ"- ნათქვამია განცხადებაში.
მაქსიმ გალკინის კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. შემოსული თანხა კი უკრაინიდან დევნილებს მოხმარდებოდა.