"ოცნება" არ დგამს არსებით ნაბიჯებს 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად" - ნათია მეზვრიშვილის განცხადება
"ხელისუფლება ამ დრომდე არ დგამს არსებით ნაბიჯებს 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ხედვა ჯერ კიდევ 17 ივნისს წარმოადგინეს, ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთობლივი მუშაობა შესთავაზეს, თუმცა ამის სურვილი არცერთმა მხარემ არ გამოხატა.
გახარიას გუნდში აღნიშნავენ, რომ მხარეების უარი ადასტურებს, რომ პოლარიზაცია ორივეს ინტერესშია და მისი გადალახვით არც ერთია დაინტერესებული.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად ორივე ფორმატში იმუშავეს და კომიტეტებში მუშაობას გააგრძელებენ.
გახარიას გუნში თვლიან, რომ „ქართულმა ოცნება" გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მეტიც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება 12 პუნქტის შესრულებისთვის თავის არიდებას ცდილობს.
სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ დრომდე არ დგამს არსებით ნაბიჯებს 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად. მისი სტრატეგია მიზნად არ ისახავს ერთი ადამიანის ხელში უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟს და ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შენარჩუნებას.
ოცნების ამ სტრატეგიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია შემოთავაზებული ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და მოტყუების მცდელობაა, 12 პუნქტის რეალური, სრულყოფილი შესრულებისთვის თავის ასარიდებლად.
ოცნებამ შესანიშნავად იცის, რომ ცალკე აღებული ეს ნაკლოვანი წესი შედეგს ვერ მოიტანს, დეოლიგარქიზაციიკენ მიმართული სხვა ცვლილებების - სუს-ის და სასამართლოს დეპოლიტიზირების, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და სხვა ცვლილებების გარეშე.სამწუხაროდ, ოცნების ეს ცვლილება, ოპოზიციის ცალკეული ნაწილის მხრიდან, პირადი ინტერესით ვაჭრობის საგანი გახდა. ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც ოცნების მაშველ რგოლობაში გვადანაშაულებს 12 პუნქტის რეალური შესრულებისთვის ბრძოლის გამო, თავად იქცა ხელისუფლების მაშველ რგოლად, დაიწყო რა პარლამენტში ადგილებისთვის ვაჭრობა"- თქვა მეზვრიშვილმა.
მისი განცხადებით, მიზნის მისაღწევად პარტია "საქართველოსთვისს" კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
- კომიტეტებში მუშაობა გაგრძელდეს ერთიან ფორმატში;
- ორივე მხარემ შეცვალოს სტრატეგია და პირად ინტერესზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესი - ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება და ოპოზიციამ - პირადი ინტერესებით საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება.