"უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები" - ნიკა მელია

05.09.22 12:40
"უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები" - ნიკა მელია

ნიკა მელია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს - როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, "შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები". 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა სტრატეგიული გეგმა ჩამოთვალა. 

1. მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახის და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.

2. უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. 

3. უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ „რუსული ოცნების“ პირობებში საქართველომ დასავლელ გზას გადაუხვია და საბოლოოდ რუსული ორიენტირი აირჩია"- აცხადებს მელია. 

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი ინტენსივობით, ხელისუფლება იძულებული უნდა გახდეს, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს.

მელიას თქმითვე, "განსხვავებით წინა წლებისგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს"

მსგავსი სიახლეები