ენმ სპორტსმენებთან ბრძოლაში ისევე დამარცხდება, როგორც პატრიარქთან დამარცხდნენ - ირაკლი კობახიძე
ენმ სპორტსმენებთან ბრძოლაში ისევე დამარცხდება, როგორც პატრიარქთან დამარცხდნენ - ამ ხმაურიანი განცხადების ავტორი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.
დეპუტატი ირწმუნება, რომ ოპოზიციამ სპორტშიც მოახერხა პოლიტიკის შემოტანა. კობახიძესს თუ დავუჯერებთ, ხელისუფლების ოპონენტებმა აჩვენეს, რომ "ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება სწყინთ და არ უხარიათ ნებისმიერ სხვა სფეროში".
მათ მოახერხეს და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მარტო იტალიაში კი არ გააქვს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ძალიან ღირსეულად...
ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვისა არის განწირული. თუმცა თავად ფაქტია საინტერესო და ნიშანდობლივი. ამ ადამიანების ერთობლიობას, რადიკალურ ოპოზიციას, ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს.
დღეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა, დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორიც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ჰქონდაო. ანუ აღიარა, რომ 15 წელი "იღვწოდნენ", რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ. ალბათ, ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის გაგრძელებასაც, თუმცა ამ ბრძოლაში ზუსტად ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის უკვე დამარცხდნენ.