ოპოზიცია საერთო სასამართლოების შესახებ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ოპოზიცია საერთო სასამართლოების შესახებ ,,ოცნების" მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ერთობლივ სარჩელზე მუშაობა პარტიებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს. საქმე ეხება გასულ წელს მიღებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებს დისციპლინური სასჯელი დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ.
ეს ეხება გასული წლის დეკემბრის ბოლოს წინასაახალწლოს ნაჩქარევად განხორციელებულ ცვლილებებს, რომელმაც დააბრუნა სასამართლოს კანონში წლების წინ გადაგდებული და უარყოფილი ე.წ. გადასახლების სისტემა, როგორც მისი დასჯის მექანიზმი, მოსამართლეებს დაუწესა ცენზურის მწვავე და ახალი ფორმები, მისცა შესაძლებლობა გავლენიან ჯგუფს, კლანს, მეტი ბერკეტი მისცა, იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე ჰქონდა, რომ ინდივიდუალური ზემოქმედება განახორციელონ მოსამართლეებზე, ამით კი ზემოქმედება განახორციელონ კონკრეტული საქმეების ბედზე - განაცხადა ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით იუსტიციის საბჭოს ეძლევა სრული უფლება, მოსამართლის ნებართვის გარეშე გადაწყვიტოს მისი საქმიანობის ადგილი და თუკი საჭიროდ ჩათვლის, შეუწყვიტოს უფლებამოსილება კონკრეტულ სასამართლოში. ეს კანონი დამტკიცების შემდეგ გააკრიტიკეს მოსამართლეებმა, პარტნიორებმა, პრეზიდენტმა, თუმცა ,,ოცნებას" პოზიცია არ შეუცვლია.