საეჭვო ფრენა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით - ელენე ხოშტარია განმარტებებს ითხოვს

08.09.22 19:15
საეჭვო ფრენა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით -  ელენე ხოშტარია განმარტებებს ითხოვს

,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, გააკეთონ ოფიციალური განმარტება საქართველოს საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, რათა ტვირთი რუსეთში ჩაეტანა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბორტზე სამხედრო დანიშნულების ტვირთი იმყოფებოდა.

საზოგადოებას მინდა, მივაწოდო საგანგაშო ინფორმაცია მორიგ ჯერზე საქართველოს მხრიდან სავარაუდოდ რუსეთის ხელშეწყობის ფაქტის შესახებ, კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ხელშეწყობის შესახებ.

კერძოდ, ისრაელის მედია საშუალების ,,ტერორ ალარმის" ინფორმაციით, 2022 წლის 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩავიდა რუსეთში, რადგან ის არ გაუშვა აზერბაიჯანმა კასპიის ზღვით.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი დრონებსა და სამხედრო ტექნიკას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოყენებისთვის.  

აპლიკაციებში ფიქსირდება არაერთი გადაზიდვა ირანიდან რუსეთსი დრონების გადაზიდვა. შესაბამისად, ირანის ქალაქ რაშტის აეროპორტიდან, რომელსაც სამოქალაქო და სამხედრო სტატუსი აქვს, გამოფრინდა თვითმფრინავი, რითაც შესაძლებელია სამხედრო ტვირთის წაღება და საქართველოს ტერიტორიის გავლით წავიდა რუსეთში.

აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დაუთმო საქართველომ საკუთარი საჰაერო სივრცე ამგვარი საფრთხის შემცველ თვითმფრინავს. ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ საქმე გვაქვს სამხედრო ტექნიკის გადატანასთან. 

"იან ერი", რომელსაც ეკუთვნის თვითმფრინავი, არის სანქცირებული კომპანია ამერიკის მიერ. სანქცირებული სწორედ სამხედრო ტვირთის გადაზიდვით. ამ ვითარებაში, როდესაც ირანი უკრაინის წინააღმდეგ ეხმარება რუსეთს, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოდის თვითმფრინავი, რომლითაც ხდება სამხედრო ტვირთის გადაზიდვა.

ეს თვითმფრინავი იწყებს მოძრაობას აეროდრომიდან, რომელსაც აქვს სამხედრო დანიშნულება და მიდის მოსკოვში. ეს არის უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია უკვე არა ზოგადი პოლიტიკური ხელშეწყობის, არამედ საქართველოს მხრიდან რუსეთის სავარაუდო სამხედრო ხელშეწყობის შესახებ.

თან ჩვენ საქმე გვაქვს სანქცირებულ, ტერორისტულ სახელმწიფო ირანთან, სანქცირებულ ავიაკომპანიასთან, სანქცირებულ საშიშ ტვირთთან ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, შესაბამისი უწყებიდან გაკეთდეს განმარტება, რადგან ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია, ეს არის პირდაპირ აპლიკაციებში მოცემული ტრაექტორია თვითმფრინავის, გაკეთდეს განმარტება, თუ რატომ შემოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში ეს თვითმფრინავი, რა ტვირთით იყო ის დატვირთული და რა კავშირი აქვს ამ გადაზიდვებთან - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

მსგავსი სიახლეები