ბოროტად იყენებენ სიტყვის თავისუფლებას - პარლამენტში გამოსვლა სუსის უფროსმა ოპოზიციაზე თავდასხმით დაიწყო
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის გამოსვლა დახურულ რეჟიმზე გადავიდა. მედიას არ აქვს საშუალება, გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენებასა და დებატებს საკანონმდებლო ორგანოში თვალყური ადევნოს.
დესტრაქციული ძალები, რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან - სუსის უფროსმა საპარლამენტო გამოსვლა ოპოზიციაზე იერიშით დაიწყო. გრიგოლ ლილუაშვილმა ოპონენტები არეულობების მოწყობაში დადადანაშაულა.
უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესის მიმართ, ცდილობდნენ ასევე, შეელახათ საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის, იმიჯი.
მათი ქმედებების შედეგად გამოიკვეთა დესტრუქციულ გარეფაქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენციაც. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით მათ შორის სოციალური ქსელების ვებგვერდების, ინტერნეტ ტელევიზიების, ტელემაუწყებლობის მეშვეობით აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული პოლიტიკის წარმართვა.
ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას, ემსახურებოდნენ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, სახელმწიფო თუ სხვა ინსტიტუციებზე თავდასხმებს, რითიც შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყნის მშვიდ ცხოვრებაში არეულობის და დისონანსის შეტანას, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ეს არის ლილუაშვილის პირველი საპარლამენტო გამოსვლა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მისი უწყება წლების განმავლობაში მღვდლებსა და მონაზვნებს ფარულად იღებდა და იწერდა, თუმცა სუსის უფროსს დღეს ამ თემაზე პარლამენტში არაფერი უთქვამს.