ერთ მესიჯს შეწირული თანამდებობები - რატომ მოხსნეს გამყრელიძეები?
"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ექსკლუზივი - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ გამყრელიძის თანამდებობა, ერთ მესიჯს შეეწირა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მაშინ, როცა ქუჩაში, ევროპული კურსის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა, ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორებმა უმსხვილესი ქართული კომპანიებისგან მხარდაჭერის დაპირება მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე იყო. გამყრელიძის სახელით, მისთვის სანდო ადამიანმა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერს, გიორგი ქადაგიძეს მესიჯი მისწერა, რომ მთელი მათი კორპორაცია პროევროპული აქციის ორგანიზატორების გვერდით იდგა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, წერილი ვრცელი იყო, თუმცა სუს-ში განგაში სამმა სიტყვამ გამოიწვია - "ჩვენი იმედი გქონდეთ."
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მესიჯი ნიკა გამყრელიძის ტელეფონიდან არ გაგზავნილა. გამყრელიძის დანაბარები ქადაგიძემ მესამე პირის საშუალებით მიიღო.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ნიკა გამყრელიძის სახელით გაგზავნილი მესიჯი, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს მოსმენების სამსახურმა გაშიფრა და სასწრაფოდ "ქართული ოცნების" ლიდერებს აცნობა, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი საპროტესტო აქციების მხარდამჭერი იყო.
გამომძიებელ ჟურნალისტთა ინფორმაციით, გამყრელიძის სახელით გაგზავნილი მესიჯები მოსმენების სამსახურიდან ღარიბაშვილთან მოხვდა. ღარიბაშვილმა კი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მფლობელ კომპანიას უთხრა, რომ თუ გამყრელიძეს არ გაუშვებდნენ, მაშინ მთავრობას და საქართველოს უმსხვილეს ბიზნეს კორპორაციას შორის ჯახი იქნებოდა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებისთანავე პოსტიდან გაუშვეს ნიკა გამყრელიძეს მამაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სახლში გაშვება შვილის მესიჯის გამო ჯანდაცვის მინისტრს დაევალა.