გომელაურის საიდუმლო შეხვედრები რუს გენერლებთან - ლელო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაძლო დარღვევის გამო "ლელო" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარტია ქართული და რუსული სპეცსამსახურების პირველი პირების კავშირების დასადგენად კონსულტაციებს იწყებს. მიმდინარე კვირას კი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებას ბიუროზე დაარეგისტრირებენ.
"პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებული ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, "ლელო" გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა იქნება შეისწავლოს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებული ფაქტები.
მოუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდო დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების საფუძველია, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, ნაკლებ სავარაუდოა. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ობიექტურობის მოლოდინი კი, ფუჭია...
ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, "ლელო" დღესვე დაიწყებს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად პარლამენტის წევრების ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობის შეგროვების მიზნით",-განაცხადა სამადაშვილმა.
ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს მინიმუმ 2 ჯერ შეხვდა.
შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.