,,თითიდან გამოწოვილი საქმე" - ,,ოცნება" სუსის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებაზე კომისიის შექმნას არ აპირებს

12.09.22 13:56
,,თითიდან გამოწოვილი საქმე" - ,,ოცნება" სუსის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებაზე კომისიის შექმნას არ აპირებს

ოპოზიცია მორიგი შოუს დადგმას ცდილობს - ,,ქართულ ოცნებაში"  ასევე ეხმიანებიან სოსო გოგაშვილის განცხადებას ქართულ და რუს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირის არსებობის შესახებ და აცხადებენ, რომ ეს არის დაცვის სტრატეგია, რასაც უშიშროების ექსმაღალჩინოსანი მიმართავს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გოგაშვილის ბრალდება ჭორზეა აგებული, რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, საქართველოში რომ მშვიდი სიტუაციაა, მათი განმარტებით, ეს გომელაურის, ლილუაშვილისა და პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებაა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი, აცხადებს, რომ ტითიდან გამოწოვილ ამბებზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.

არ მჯერა იმ ადამიანების საუბრის, რომლებიც 2016 წლის ვითომ ამბავს 2022 წელს ჰყვებიან. აირჩიეს ტაქტიკა, დაცვის სტრატეგია, უნდა ისაუბრონ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჭორაობას უფრო ჰგავს.

ჯერ უნდა გამოვიდეს ეს ინიციატივა, რას ემსახურება, რას ეფუძნება, რას ასაბუთებენ, თუმცა, თავისივე არსში, საწყისში არის ერთიანი პროცესი, რატა პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს. 

ეს არ არის ბუნებრივი პროცესი და მართლაც რამე მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ამიტომაც გართულდება, ასეთ თითიდან გამოწოვილ საქმეზე მსჯელობები გავმართოთ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ  სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს მინიმუმ 2 ჯერ შეხვდა.

შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას. 

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.

 

მსგავსი სიახლეები