"თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ" - ჟურნალისტი თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს
BMG-ის მთავარი რედაქტორი, თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს. როგორც ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ დაწერა, პრესსამსახურმა მიზეზად ბევრი კითხვის დასმა დაუსახელა.
"მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა - სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა) (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…
გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმა (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ". - წერს ჟურნალისტი.