რა მიზნით შეხვდნენ სუსის მაღალჩინოსნები "ეფესბეს" გენერლებს - ღარიბაშვილი და პაპუაშვილი კითხვას გაურბიან
გომელაურის სკანდალზე პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე თავის მართლებასაც ვერ ბედავენ. კითხვას, რა მიზნით შეხვდნენ სუსის მაღალჩინოსნები რუსეთში ეფესბეს გენერლებს, ღარიბაშვილი და პაპუაშვილი გაურბიან.
"პირველებმა" აღნიშნული კითხვა "ოცნების" ორივე ლიდერს დაუსვა, თუმცა ორივე გაიქცა.
ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს მინიმუმ 2 ჯერ შეხვდა.
შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.