მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და “ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოვახდინოთ - ვაშაძე ოპოზიციას
"ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც სახალხო დამცველის შერჩევის წესს გულისხმობს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ფარსს უწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
გიორგი ვაშაძის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლების თაღლითურ სქემაში მონაწილეობას არ მიიღებს და იგივეს გაკეთებას ურჩევს სხვა ოპოზიციური პარტიებსაც. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მგლის თავზე სახარების კითხვა უშედეგოა და ხელისუფლების ოპონენტებმა "ოცნების" ლუსტრაცია უნდა მოახდინონ.
ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც “ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს - უფრო მეტიც, მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს: მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და “ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოვახდინოთ.
რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ“ და რა კანონი მიიღო?! - იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს, ფრაქციებს, 7-კაციან ჯგუფებს შეგვეძლოს კანდიდატების პირდაპირ პლენარულ სხდომაზე დაყენება და ვაპირებდით, რომ სამოქალაქო სექტორიდან ყველაზე ღირსეული აგვერჩია და დაგვეყენებინა, ფაქტობრივად, წინარე პროცედურა შექმნა, რითაც უნდათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ფილტრი გააკეთოს ვიღაც აკადემიურ წრეებთან ერთად - ისეთივე უნამუსო აკადემიურ წრეებთან ერთად, რომელიც მაგალითად ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების შერჩევის პროცესშია, რომლებიც კონკრეტულ კანდიდატებს ხელს სუს-ის დავალებით აწერენ. ამის შემდეგ, უნდა გავმართოთ უაზრო მსჯელობა - ვინ კარგია, ვინ ღირსეული და ვინ უღირსი?!
არ ვიცი, ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის შერჩევის კანონის პროექტს მხარი პირველი მოსმენით რატომ დაუჭირა. კარგია, რომ მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს. ეს კანონპროექტი მდგომარეობას აუარესებს და შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესი ჩაიშალოს. მათ მიერ მოყვანილი აკადემიური წრეების შეფასებული კანდიდატები რად მინდა და რაში მჭირდება?! ეს თაღლითური სქემა მხოლოდ იმისთვის არის შექმნილი, რომ ორი ხმა რომელიმე ოპოზიციური პარტიიდან მიიღონ და პროცესი "გაუპრავონ". ვინც მათ ორ ხმას დაუმატებს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ის ოპოზიცია არ არის და არის "ქართული ოცნება, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.