სატელეფონო ზარი ფაშინიანსა და ღარიბაშვილს შორის - რაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრებმა
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
განცხადების მიხედვით, ფაშინიანმა ღარიბაშვილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და შექმნილ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ზარის ინიციატორი თავად ნიკოლ ფაშინიანი იყო.
საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს.