სატელეფონო კავშირი შედგა - რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ბაიდენმა

12.12.22 11:00
სატელეფონო კავშირი შედგა - რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ბაიდენმა

უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს „უპრეცედენტო სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის" მადლობა გადაუხადა. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვოილოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა ფინანსური დახმარებისთვის. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებასაც.

ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსული სარაკეტო ტერორის შედეგების შესახებ, რამაც უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 50%-ის განადგურება გამოიწვია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარება უკრაინის ენერგეტიკული სისტემის რეკონსტრუქციისთვის და ამ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ძლიერი საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ლიდერს იმისთვის, რომ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭიროა, ასევე ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი შეერთებული შტატების მკაფიო და თანმიმდევრული ერთგულებისთვის“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები