საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში - მინისტრ დარჩიაშვილს პასუხების გაცემა მწვავე კითხვებზე მოუწევს
პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ბრიუსელია, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შეიკრიბნენ. ეს პირველი მინისტერიალია მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.
ევროპელმა პოლიტიკოსმა დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების როლი და ევროკავშირში მათი მომავალი უნდა განსაზღვრონ.
ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რადგან სამი ქვეყანა გახდა კანდიდატი. ერთი არის ძალიან შორს ევროკავშირისგან, ვგულისხმობ ბელარუსს. ზოგადად, ეს ძალიან სხვადასხვანაირი ქვეყნებია. რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ეს უფრო მეტად რთული ხდება. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პირველი მინისტერიალი მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ამიტომ ცხადია, ამ საკითხებზე ბევრს ვისაუბრებთ, შემდეგ გაიმართება ევროკავშირის საბჭო, რომელიც იქნება ხანგრძლივი და რთული, რადგან ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს ირანის საკითხი, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი, რომელიც ჯერ მზად არ არის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხზე არსებობს გარკვეული გაუგებრობა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც მე და ევროკომისია ვაანონსებთ სანქციებს, საუბარია შეთავაზებაზე, ხოლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საბჭომ. 27 მინისტრს აქვს სხვადასხვა მიდგომა, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.
ბრიუსელშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც. შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება, ღარიბაშვილის მთავრობის წევრს პასუხების გაცემა მძიმე კითხვებზე მოუწევს.
მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოსთან მიმართებაში უმწვავესი განცხადებები გაკეთდა. ყველაზე კრიტიკული ლიეტუვის საგარეო ასქმეთა მინისტრი აღმოჩნდა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან განსხვავებულ რელსებზე დგას. მისი თქმით, ევროკავშირშ გაწევრიანების გასაღები სწორედ საქართველოს ხელისუფლებას აქვს.
როდესაც საუბარია წევრობის სტატუსზე, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა, სხვადასხვა ლიანდაგზე დგანან. ლიეტუვა ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. მე ძალიან მსურს ვიხილო საქართელოს მთავრობის უფრო პროაქტიული მოქმედება, მეტი ენერგია, მეტი სიმტკიცე კანდიდატის სტატუსზე გადასვლისთვის. ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები, პროგრესს, რომელიც როგორც ვახსენე, გადაიყვანს გაწევრიანების მატარებელს უფრო სწრაფ ლიანდაგზე, არ მიუღწევია მათთან, ვისაც მხარდაჭერის დიდი სურვილი ექნება, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში უნდა გაწევრიანდეს, თუმცა ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას რამდენიმე კვირის წინ მადრიდში. გადავეცი შეტყობინება, რომ არსებობს ევროპული სტრუქტურა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით. ეს არის გზავნილი, რომელსაც გადავცემ დღევანდელი შეხვედრის დროსაც. 6 თვეში ესპანეთი გახდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი დროა ამ ქვეყნებისთვის, რომ ჩაერთონ დიალოგში, ყველა ჩვენთანგანი, რათა კარგად მოემზადონ შემდეგი ნაბიჯისთვის. ძალიან აშკარაა, რომ მათთვის არის ადგილი ევროპულ ოჯახში, - განაცხადა ხოსე მანუელს ალბარესმა.
ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 17 მლრდ ევროს დახმარება უკვე გამოყო. ამ დახმარების ფარგლებში საქართველოს და ევროკავშირის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი დაფინანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართელოს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები პირდაპირ დაუკავშირდებიან რუმინეთს. აღნიშნული პაკეტი ასევე სხვადასხვა დახმარებას მოიცავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები განხორციელდება.