მანიპულაცია პოსტით, მათი ქმედება კითხვებს აჩენს - აბაშიძე და ჯანეზაშვილი "ოცნებას" პასუხობენ
მმართველი პარტია ანა აბაშიძესა და ნაზი ჯანეზაშვილის წინააღმდეგ - ომბუდსმენობის კანდიდატებისთვის "ოცნების" ლიდერების ბრალდებები გაუგებარია.
არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მას ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ეს არის მანიპულაცია პოსტით. მე შეურაცხყოფა ,,ქართული ოცნების" ამომრჩევლებისთვის არ მომიყენებია. მათ ხელშია გადაწყვეტილება, თუ არ უნდათ, რომ ამირჩიონ, შეუძლიათ, არ ამირჩიონ.
ამ პოსტზე არაერთხელ ავხსენი. კიდევ თუ ვინმე ამაზე ლაპარაკობს, ეს, რათქმა უნდა, შეიძლება იყოს მიზეზი, რატომ არ დამიჭერენ მხარს.
ამ ადამიანს შემიძლია, ვუთხრა, რომ მშვიდად და თავისუფლად არ დამჭიროს მხარი - განაცხადა ანა აბაშიძემ.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელს, ნაზი ჯანეზაშვილს, ის ამბობს, რომ გარკვეულ კითხვებს აჩენს ,,ოცნების" საქციელი.
წინასწარ რომ აკეთებენ განცხადებებს, მათ შესაძლოა, ჰყავდეთ თავიანთი ფავორიტი. ეს პოლიტიკური პროცესია და ვიღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ეს ნორმალურია, მაგრამ ასე რომ გამორიცხავენ კანდიდატებს, ამბობენ, ამათ არ დავუჭერთ მხარს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს.
ჩემს შემთხვევაში შემიძლია, ვთქვა, რომ გასაუბრებაზე მისვლა-არმისვლა არ შეცვლიდა ვითარებას, რადგან ცხადად ჩანს მათი დამოკიდებულება ჩემი კანდიდატურის მიმართ. - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ყველას მინუს აბაშიძე და ჯანეზაშვილი - ,,ქართული ოცნება" არსამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ სახალხო დამცველობის ორ კანდიდატს ბლოკავს.