სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობას ნაბიჯები არ გადაუდგამს - ლიეტუვის მინისტრის მწვავე გზავნილი

12.12.22 13:25
სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობას ნაბიჯები არ გადაუდგამს - ლიეტუვის მინისტრის მწვავე გზავნილი

კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობისგან იმედის მომცემი ნაბიჯები ჯერ არ გვინახავს, - ამის შესახებ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან განსხვავებულ რელსებზე დგას. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გასაღები სწორედ საქართველოს ხელისუფლებას აქვს, თუმცა მას  პროაქტიული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

როდესაც საუბარია წევრობის სტატუსზე, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა, სხვადასხვა ლიანდაგზე დგანან.

ლიეტუვა ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია.

მე ძალიან მსურს, ვიხილო საქართველოს მთავრობის უფრო პროაქტიული მოქმედება, მეტი ენერგია, მეტი სიმტკიცე კანდიდატის სტატუსზე გადასვლისთვის. ჯერ-ჯერობით ჩვენ არ გვინახავს იმედის მომცემი ნაბიჯები, პროგრესს, რომელიც როგორც ვახსენე, გადაიყვანს გაწევრიანების მატარებელს უფრო სწრაფ ლიანდაგზე, არ მიუღწევია მათთან, ვისაც მხარდაჭერის დიდი სურვილი ექნება, - განაცხადა ლანდსბერგისმა. 

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ბრიუსელია, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შეიკრიბნენ. ეს პირველი მინისტერიალია მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

ევროპელმა პოლიტიკოსმა დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების როლი და ევროკავშირში მათი მომავალი უნდა განსაზღვრონ. 

ბრიუსელშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც. შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება, ღარიბაშვილის მთავრობის წევრს  პასუხების გაცემა მძიმე კითხვებზე მოუწევს.

 

მსგავსი სიახლეები