ხელისუფლების პროპაგანდისტული ნაბიჯი - ხაზარაძის გუნდი პრემიერს პასუხობს
ხელისუფლებას ეშინია ანაკლიის თემაზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების - ასე პასუხობს ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის ბრალდებას, რომელიც მთავრობის მეთაურმა დღეს გააჟღერა.
სალომე სამადაშვილის თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქართველი ხალხი გაიგებს სიმართლეს, თუ რატომ ჩაიშალა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და "როგორ ძარცვავს ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს".
ძალიან ეშინიათ ხელისუფლებას ანაკლიის თემაზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების. რადგან ცხადია, ეს არ არის მურუსიძის სასამართლო. თან საზოგადოება გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, როგორ დააყაჩაღა ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილმა, როცა ჩაშალა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება.
უკვე 3 წელიწადი გავიდა, მგონი და ,,ქართულ ოცნებას" ჰქონდა დრო და ამ დღეში არც ერთი აგური არ მინახავს დადებული იმისთვის, რომ ეს პორტი აშენებულიყო. ამიტომ ეს არის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი, რომელიც ერთის მხრივ, ისახავს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმას მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ცალსახად გამოაცხადეს, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან პოლიტიკური დევნისა და შევიწროების ობიექტები.
მეორეს მხრივ, ეს არის პროპაგანდისტული გზავნილი იმაზე პასუხად, რომ ანაკლიის პორტის ეს განუხორციელებელი პროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც დასავლეთს აწუხებს. - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ღარიბაშვილის პოლიტიკური იერიში მამუკა ხაზარაძეზე რამდენიმე საატის წინ მიიტანა. პრემიერმა მთავრობის სხდომა დღეს ,,ლელოს" ლიდერის ლანძღვით გახსნა და ხაზარაძე სახელმწიფოს ძარცვაში დაადანაშაულა.
ირკვევა, რომ ჩაშლილი პროექტის გამო ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა და ზარალის ანაზღაურობას ითხოვს.