თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - სტრასბურგი გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ - ევროსამართლო განაჩენს დღეს, 19 იანვარს გამოაცხადებს.
პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას იმედი აქვს, რომ სტრასბურგიის გადაწყვეტილება ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი გახდება.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ევროსასამართლოში სამი მუხლით დაობდა - სიცოცხლის უფლების წართმევა, წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და არაეფექტური გამოძიება.
სახელმწიფოს ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენ იძულებული გაგვხადეს, რომ ეს საქმე სტრასბურგში წასულიყო. იცით, რომ ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიებაც კი შეწყვიტა. თუმცა საბოლოოდ ეს დღეც დადგა და მოლოდინი არის ის, რომ სტრასბურგში საქმეს მოვიგებთ და ხელმეორე ძიება დაიწყება"- თქვა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. ახალგაზრდა 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.