ევროპარლამენტმა ვლადიმერ პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა რუსეთის პრეზიდებნტის ვლადიმერ პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 427-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - 19, ხოლო 33-მა თავი შეიკავა.
დეპუტატები ამბობენ, რომ სპეციალურმა ტრიბუნალმა პასუხისგებაში უნდა მისცეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი, არამედ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ამავე ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
DW-ს ცნობით, დეპუტატების მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სპეციალური ტრიბუნალი - ნიურნბერგის სასამართლო პროცესების ანალოგიით - უნდა შეიქმნას უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, სასურველია გაეროს მონაწილეობით.
დეპუტატები ცდილობენ იპოვონ სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას, რადგან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურებს იმუნიტეტი იცავს.
დოკუმენტის მიღებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, ომის დამნაშავეები ახლავე უნდა დაისაჯონ:
“უკრაინაზე რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლულია ბავშვები, ქალები, კაცები. ოჯახები გაიყო. განადგურდა საავადმყოფოები, სახლები დანგრეულია სკოლები. ევროპარლამენტი ითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნას. ომის დამნაშავეები ახლავე უნდა დაისაჯონ“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.