სამწუხაროა, როდესაც სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე CNN-ის ჟურნალისტს კიდევ ერთხელ პასუხობს, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ მედიასაშუალებას "ყალბი ინფორმაციის" გავრცელებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
საუბარია, კრისტიან ამანპურის კითხვაზე, რომელმაც ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.
ვრცელ წერილში კობახიძე "რადიკალურ ოპოზიციას", მედიასა და პრეზიდენტს აკრიტიკებს.
"როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა.
ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება", - წერს კობახიძე.