"ვიწყებთ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას!" - 24 თებერვალს თბილისში მასშტაბური აქცია დაანონსდა
"გვინდა ევროპა და არა რუსეთი!" - 24 თებერვალს დედაქალაქში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. სიმბოლურად უკრაინაში ომის დაწყების დღეს ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები, ექიმები, მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები და სპორტსმენები საკუთარ არჩევანს კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირებენ.
"ქვეყანა იღუპება, დუმილის დროო არაა" - აცხადებდნენ დღეს პირველ სკოლასთან შეკრებილები. დღეს გამართულ ღონისძიებაზე, სადაც 24 თებერვლის აქცია დაანონსდა, პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" იყვნენ წარმოდგენილები.
ვიწყებთ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას. დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით. საქართელოში მოხდება გათვაისუფლება კოლაბორაციონიზმისგან. მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, - განაცხადა აკია ბარბაქაძე.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მნიშვნელოვანია ერთად დგომა.
ამ ქვეყნის სრული უმრავლესობა დგას უკრაინელების გვერდით, დგას ევროპული მომავლის გვერდით, ღირსების გვერდით, მორალის გვერდით და შეუძლებელია ჩვენი ისტორიის მქონე ქვეყანას სხვა არჩევანი გაეკეთებინა. ოღონდ ეს არჩევანი ჩვენ მისაყვანი გვაქვს ბოლომდე დ ა ამიტომ, 24 თებერვალს, აქ რუსთაველზე კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა, კრიტიკულ მომენტში, წყალგამყოფი დღის მომენტში, ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ, საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში, - განაცადა ხოშტარიამ.