ერთობა, რაობა, იმედი - ვასაძის პოლიტიკური განაცხადი

06.05.21 14:06
ერთობა, რაობა, იმედი - ვასაძის პოლიტიკური განაცხადი

პრორუსული განწყობებით ცნობილი ლევან ვასაძე ამბობს, რომ კერძო პირის ცხოვრებას ემშვიდობება და პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს. ვასაძემ რამდენიმე წუთის წინ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია "ერი" დააფუძნა.

როგორც ვასაძემ მედიას განუცხადა, მისთვის, "ეგზისტენციალური ჩამოშლის პროცესი ნათელი გახდა".

ამ კონტექსტში მან ნამაჰვანჰესის მშენებლობა ახსენა, და მისი პოლიტიკაში მოსვლა გამოუვალი სიტუაციით ახსნა: 

მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. გადავდგა ნაბიჯი შემოვიდე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ქვეყანა არის პერმანენტული კრიზისის პირობებში. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კულტურული, სოციალური  იდეოლოგიური  თვალსაზრისით.  შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას ჩემი თავის ჩათვლით შეუძლია ამის აღმოფხვრა. ჩემი აზრით ერთად უნდა გამოვიდეთ"- ამბობს ვასაძე. 

პრორუსული განწყობებით ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, რომ ქვეყნის ინსტიტუტების განადგურება "ნაციონალური მოძრაობის" დროს  დაიწყო და "ქართული ოცნების" დროს გაგრძელდა.

ვასაძემ შარლ მიშელის დოიკუმენტიც დაიწუნა და თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ მიიღო. 

"ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იყო ბოლო წვეთი, ეს ჩემთვის პირადად იყო დანიელსონის ხელშეკრულებად ცნობილ დოკუმენტზე ხელის მოწერა, როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან, გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება.

აწი თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროებული და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება იმის გამო, რომ აწი ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს როგორ იმუშაოს ცესკო-მ და როგორ დათვალოს ხმები, ვეღარ წყვეტს ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე", - თქვა ვასაძემ.