გახარიას კადრებს "ოცნება" თანამდებობებს ატოვებინებს - გორის მერის მოადგილეები ზეწოლაზე საუბრობენ

11.05.21 12:01
გახარიას კადრებს "ოცნება" თანამდებობებს ატოვებინებს - გორის მერის მოადგილეები ზეწოლაზე საუბრობენ

გიორგი გახარიას კადრებს „ქართული ოცნება“ ისევ თანამდებობებს ატოვებინებს. „პირველების“ ინფორმაციით, ამჯერად მმართველი გუნდის რიგებს  გორის მერის მოადგილეები ტოვებენ. პაატა ივანიშვილმა და ერიკო ელიჯარაშვილმა შესაბამისი განცხადებები რამდენიმე წუთის წინ დაწერეს. ორივე მათგანი მუნიციპალიტეტში  გიორგი ხოჯევანიშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ.

გორის მერის ყოფილი მოადგილეები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. კონკრეტულ პირებს ისინი არ ასახელებენ,თუმცა  „პირველების“ ინფორმაციით, თანამდებობებიდან წასვლა სწორედ გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა, აიძულა. 

თანამდებობების გარდა ყოფილმა მოადგილეებმა „ქართული ოცნების“ რიგებიც დატოვეს.

დაჟინებით მოითხოვენ, დავტოვო თანამდებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ სკამებს და თანამდებობებს გამოკერილები არ ვართ. ჩვენ დავტოვებთ თანამდებობას, უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, ჩემს გორელებს, ჩვენ ვრჩებით თქვენს სამსახურში, თქვენს გვერდით. ჩვენ ვუერთდებით ბატონ გიორგი გახარიას გუნდს. მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ არ მივდივართ, ჩვენ მოვდივართ, - ამბობს პაატა ივანიშვილი. 

კოტე თავზარაშვილს მედიასთან განმარტებები ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ივანიშვილიც და ელიჯარაშვილიც თანამდებობებზე გიორგი ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში დაინიშნენ, შესაბამისად, ისინი ამ დრომდე ხოჯევანიშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. 
 

მსგავსი სიახლეები