ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, წავიდნენ საერთოდ სისტემიდან და დაასვენონ ქვეყანა - ყოფილი მოსამართლე სანქციებზე
მოყვება თუ არა რღვევა სასამართლო სისტემაში კლანის ლიდერების დასანქცირებას? - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე პირდაპირ ამბობს, რომ სირცხვილია, როდესაც ქვეყანას ნატოში შესვლაზე აქვს პრეტენზია და სასამართლოში კლანი ჰყავს.
ალავიძე ამბობს, რომ ეს მოსამართლეები საერთოდ უნდა წავიდნენ სისტემიდან.
„პრეტენზია რომ აქვს, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა და ამ დროს ჩვენთან მთავარი პრობლემა, რასაც ვებრძვით ეს არის თურმე სასამართლოში გვყავს კლანი. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს მე არ ვიცი. ეს ადამიანები საერთოდ როგორ გრძნობენ თავს იქ სადაც არიან, კარგად ან რამდენად არ ეფიქრებათ ის, რომ წავიდნენ საერთოდ სისტემიდან და დაასვენონ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ და მისცენ ამოსუნთქვის შესაძლებლობა, მე ვერ წარმომიდგენია. ფაქტიურად, ახლა საქართველო ყელში წაჭერის პრინციპით ცოცხლობს და ეს არის სწორედ მათი დამსახურება არის მე ესე ვფიქრობ ის, რომ თუნდაც ჩვენ სტატუსს ვერ ვიღებთ“- ამბობს ბესარიონ ალავიძე.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.